მიმართვა

მიმართვა


წოდებით ბრუნვაში დასმულ სახელს, რომელიც მეორე პირს/პირებს ან მეორე პირად წარმოდგენილ საგანს აღნიშნავს, მიმართვა ჰქვია. იგი გაუვრცობელია ან გავრცობილი სხვა სიტყვებით, ცალკე დგას ან წინადადებას ახლავს.

ცალკე მდგომი მიმართვა, ჩვეულებრივ, დაძახებისას იხმარება, რომ მისამართი პირის ყურადღება იქნეს მიპყრობილი. თუ მიმართვა ცალკე არ არის გამოყენებული, იგი შეიძლება იყოს წინადადების თავში, ბოლოში ან წინადადების შიგნით.

მიმართვა წინადადების თავში

ჩემო ძმაო, რატომ მოიწყინე?

მიმართვა წინადადების შუაში

მაგ შენი შავი თვალებით, ჩემო კარგო, რაღაც უცნაურად მიცქერ.

მიმარტვა წინადადების ბოლოს

გამხიარულდი, ჩემო მეგობარო!

მიმართვა, როგორც წესი, მძიმეებით ან ძახილის ნიშნით გამოიყოფა!

თუ წინადადება მიმართვით მთავრდება, მის წინ მძიმე იწერება, ბოლოს კი – წინადადების შესაფერისი ნიშანი.

მაგალითად: ხომ არ გაბრაზდი, ჩემო ძვირფასო?

რა შემთხვევაში ვიყენებთ მძიმეს ან ძახილის ნიშანს მიმართვასთან?

მძიმე: შენ, ვასო, გამოდი დაფასთან.

ძახილის ნიშანი: წინ, მეეტლევ! გააქროლე ცხენები.

ცალკე მდგომი მიმართვის შემდეგ ძახილის ნიშანი დაისმის.

მაგალითად: ბატონო!

თუ მიმართვა მეორდება ან რამდენიმე სხვადასხვა სახელია, შეიძლება ჯერ მძიმეებით გამოიყოს, ბოლოს კი ძახილის ნიშანი დაისვას.

მაგალითად: ჩემო მეგობარო, ჩემო მშვენიერო მეგობარო!

გამარჯობა 👋

უკვე შეგიძლია შენი ელექტრონული ფოსტის მისამართი გაგვიზიარო და ჩვენ სიახლეებს გამოგიგზავნით ხოლმე