როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა – შინაარსი


თეთრ ცხენზე ამხედრებული ავთანდილი დილით ადრე მივიდა სასახლეში. მეფეც მოემზადა და ორივენი სანადიროდ გავიდნენ. სამეფო ჯარს მინდორი დაეფარა. უამრავი ნადირის ჯოგი მორეკეს. თორმეტ მსახურს უბრძანეს ისრების მიწოდება და შემდეგ ნასროლის რაოდენობის დათვლა.

მონადირეთა ცხენების ფლოქვებისგან ამდგარმა მტვერმა დაბურა არემარე: მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს. უამრავი ნადირი დახოცეს. მათ მიერ დაჭრილი ცხოველები ადგილზევე ეცემოდნენ. ასე გაირბინეს მინდორი. ჯოგის ნაწილმა მოასწრო თავის შეფარება ტყეში, სადაც ცხენი ვეღარ გაივლიდა.

თუმცა როსტევანი და ავთანდილი დაიღალნენ, მაინც მხნედ იყვნენ. ისინი ერთმანეთს ეხუმრებოდნენ, სიცილით ეუბნებოდნენ – „მე გჯობო.“ როდესაც მსახურები მოვიდნენ, მეფემ მათ სიმართლის თქმა უბრძანა. მათაც მოახსენეს:

„ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია,

მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია.“

ამასთან ერთად, განსხვავებით როსტევანისაგან, ავთანდილის მიერ გასროლილი არცერთი ისარი არ ასცდენია მიზანს, მისი ისრით დაჭრილი ნადირი ერთ ნაბიჯსაც ვეღარ დგამდა წინ.

როსტევან მეფეს ძალიან გაუხარდა თავისი გაზრდილის გამარჯვება: „მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა“. ის ბედნიერი იყო და მხიარულობდა. 

მინდვრის იქეთ მდინარე იყო, იქვე დიდი საჩრდილობელი ხეებიც იდგა. დაღლილი მონადირეები დასასვენებლად სწორედ იქ ჩამოსხდნენ. იქვე მოიყარა თავი სამეფო ჯარმა, მოვიდა სხვებისგან ვაჟკაცობით გამორჩეული თორმეტი მსახურიც. ყველანი ერთობოდნენ და ტკბებოდნენ მდინარისა და ტყეების ცქერით.

გამარჯობა 👋

უკვე შეგიძლია შენი ელექტრონული ფოსტის მისამართი გაგვიზიარო და ჩვენ სიახლეებს გამოგიგზავნით ხოლმე