როსტევან მეფემ და მონადირეებმა დაინახეს მდინარის პირას მჯდომი უცხო მოყმე. ის ტიროდა. შავი ცხენი სადავით ეჭირა. მას ვეფხვის ტყავისაგან შეკერილი ტანსაცმელი ეცვა, ქუდიც ასეთივე ეხურა. მისი ცხენის აკაზმულობაცა და აბჯარიც ძვირფასი თვლებით იყო მორთული. ხელთ მსხვილი გამოჭედილი მათრახი ჰქონდა: ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.
როსტევან მეფემ მოინდომა უცხო მოყმის ვინაობის გაგება და თავისთან მოხმობა. ამ მიზნით მასთან გაგზავნა ერთ-ერთი მსახური. ის დიდხანს ჩუმად იდგა და გაოცებული უყურებდა გულმდუღრად მტირალ მოყმეს, შემდეგ კი გადასცა მეფის დანაბარები, თუმცა მას არაფერი გაუგონია. მოყმის ყურადღება ვერც არაბეთის ლაშქრის ხმაურმა მიიპყრო: „სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან.“ მსახურმა კიდევ ერთხელ სცადა მოყმისთვის მეფის ბრძანება გადაეცა, თუმცა მან არც ტირილი შეწყვიტა და არც პასუხი გასცა: „არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.“
მსახური უკან დაბრუნდა და როსტევანს მოახსენა, რომ უცხო მოყმეს ვერაფერი გააგებინა. განრისხებულმა მეფემ თავის რჩეულ თორმეტ მეომარს უბრძანა მოყმის შეპყრობა და მასთან მიყვანა.
როდესაც უცხო მოყმემ საომარი იარაღის ჟღარუნი გაიგონა, შეკრთა, ცრემლები მოიწმინდა, ხმალი მოიმარჯვა, ცხენზე შეჯდა და სულ სხვა მხარეს წავიდა. როსტევანის მეომრებმა დააპირეს მისი შეპყრობა, თუმცა უცხო მოყმემ ისინი ისეთ დღეში ჩააგდო, რომ მტერსაც შეებრალებოდა: ერთმანეთს შემოკრა, მათრახით შუაზე გააპო, ყველანი დახოცა.
როსტევან მეფე კიდევ უფრო განრისხდა და ახლა მთელი თავისი ჯარი დაადევნა უცხო მოყმეს. ამ უკანასკნელმა ყველა დახოცა, ვინც დაეწია.
ბოლოს თავად მეფე და ავთანდილი შესხდნენ ცხენებზე და დაედევნენ უცხო მოყმეს, თუმცა, როცა მან იცნო მეფე, ცხენს მათრახი გადაჰკრა და თვალის დახამხამებაში გაქრა: „ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა.“
როსტევანის მეომრებმა ბევრი ეძებეს, თუმცა უცხო მოყმის კვალსაც ვერ მიაგნეს. ლაშქარი დახოცილებს გლოვობდა, დაჭრილები კი ჭრილობებს იხვევდნენ.
არაბეთის მბრძანებელმა მოიწყინა. ის ფიქრობდა, რომ ღმერთმა ბედნიერება წაართვა და დარდის მიზეზი გაუჩინა. ყველანი სასახლეში დაბრუნდნენ: არც ასპარეზობა გაიმართა, აღარც საკრავების ტკბილი ხმა ისმოდა. მეფე საძინებელ ოთახში განმარტოვდა. მასთან მხოლოდ შვილივით გაზრდილი ავთანდილი დარჩა.
თინათინმა გაიგო როსტევანის დანაღვლიანების ამბავი, მოლარესაც ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს მისი მშობელი, თუმცა მამასთან არ შესულა. კარგა ხნის შემდეგ თავად არაბთა მეფემ იკითხა, თუ როგორ იყო მისი ქალიშვილი: „ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?“ მოლარემაც მოახსენა, რომ თინათინმა მოიკითხა მამა და შეწუხებული გაბრუნდა უკან. მაშინ როსტევანმა თავისთან მოიხმო ასული, გვერდზე მოისვა, მოეფერა და ჰკითხა, რატომ არ მოინახულა მამა. თინათინმა აუხსნა, რომ დამწუხრებული მბრძანებლის ნახვა ყველას აშინებს, თან დაამატა: „კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს.“
როსტევანმა უამბო თავისი „სევდის მუფარახს“ – სევდის განმკურნებელ თინათინს მისი შავნაღვლიანობის მიზეზის შესახებ; მოუყვა, როგორ ნახა ნადირობისას გასაოცარი, მზესავით მანათობელი, თუმცა გულმდუღრად მტირალი უცხო მოყმე. ის ეშმაკივით გაქრა თვალსა და ხელს შუა. მეფემ დანამდვილებით ისიც ვერ გაიგო, მართლა დაინახა თუ მოეჩვენა. ბოლოს ისიც თქვა: ეტყობა, ღმერთს მოსწყინდა ჩემი ბედნიერებაო.
თინათინმა მამას დინჯად აუხსნა, რომ სიკეთის შემოქმედი, ტკბილი და მოწყალე ღმერთი ბოროტებას არ გააჩენდა:
„რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?“
თინათინმა როსტევანს ურჩია, რომ ქვეყნის ყველა მხარეს გაეგზავნა ხალხი უცხო მოყმის ამბის გასაგებად. მეფეს მოეწონა ქალიშვილის რჩევა და ასეც მოიქცა. მთელი წლის მანძილზე ეძებდნენ როსტევანის მსახურები უცხო მოყმეს, მაგრამ ერთი ადამიანიც კი ვერ იპოვეს, რომელსაც მის შესახებ რაიმე ეცოდინებოდა. ისინი დაღლილნი და იმედგაცრუებულნი დაბრუნდნენ არაბეთის ხელმწიფესთან.
მხოლოდ ამის შემდეგ დარწმუნდა როსტევან მეფე, რომ ასეთი ეშმაკისეულის გამო დარდი არ ღირდა. სასახლეში ისევ გაიმართა ლხინი, ასპარეზობა, მოიყვანეს პოეტები, ჯამბაზები, მომღერლები. მეფემ უამრავი საჩუქარი დაარიგა, მას სიუხვით ვერავინ შეედრებოდა.
–
- დასაწყისი – შინაარსი
- ამბავი როსტევან არაბთა მეფისა – შინაარსი
- როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა – შინაარსი
- ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა – შინაარსი