უმაღლესი ქულის მქონე აბიტურიენტები


პირველ აგვისტოს გამოქვეყნდა აბიტურიენტების შედეგები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში.

შეფასებისა და გამოცდები ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ტესტების საშუალო ქულა გასულ წლებთან შედარებით უფრო მაღალია.

მაქსიმალური შეფასება, 60 ქულა, სულ 65-მა აბიტურიენტმა მიიღო.

ვერიკო შელია ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანია, ვინც მაქსიმალური ქულა აიღო. ვერიკოს ფინანსისტობა სურს და გახარებულია იმ ფაქტითაც, რომ თავისი და მასწავლებლის, დარეჯან თოლორაიას, დაუღალავი შრომა დაფასდა.

– ვერიკო, რას ურჩევ მომავალ აბიტურიენტებს?

მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, არასდროს დანებდნენ და თავდაუზოგავად იშრომონ. სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევენ!

ნიკა ლაფერაშვილიც ერთ-ერთი ის სტუდენტია, ვინც 60 ქულა მიიღო.

თავიდან, როდესაც საიტზე შევედი და ჩემი შედეგი გავიგე, არ მჯეროდა, ასეთ მაღალ ქულას არ ველოდი. როდესაც გავაცნობიერე, რომ ნამდვილად ჩემი შედეგია, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მივხვდი, რომ ჩემი შრომა ნამდვილად დამიფასდა.

ნიკა მომავალ აბიტურიენტებს ურჩევს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ინერვიულონ, განწყობა და ხასიათი დიდ როლს თამაშობს თქვენს საბოლოო შედეგზე. ასევე ნიკა გვირჩევ, რომ ზოგჯერ ყურადღების გადატანა და გართობაც აუცილებელია, რასაც ჩვენც ვეთანხმებით.

ელენა ასკურავამაც უმაღლესი ქულა აიღო. შეკითხვაზე ელოდა თუ არა ის უმაღლეს ქულას გვითხრა რომ არა, თუმცა მაღალი ქულის იმედი ნამდვილად ჰქონდა. მას უნდა სამართლის სტუდენტი გახდეს.

ელენამაც მისცა რჩევა აბიტურიენტებს

ეცადეთ საკუთარ მიზნებზე კონცენტრირდეთ და გაიაზროთ ის ფაქტი, რომ თუ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენთ ეს პირველ რიგში თქვენივე მომავლისთვის იქნება სასარგებლო. იყავით ზომიერად თვითკრიტიკულები და თქვენი წარმატება გარანტირებული იქნება. 

შეგახსენებთ: წელს ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატი შარშანდლისგან განსხვავებული იყო, მაგრამ ეს აბიტურიენტებისთვის დიდად ხელის შემშლელი ფაქტორი არ იყო რაც შედეგებმაც ცხადყო.