ნესტანისგან ტარიელის ხმობა


დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,
ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;
წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;
კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

“მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა.
მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა.
ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,
წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

ბაღჩა შევვლე, არა დამხდა კაცი ჩემი მოუბნარი;
ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი,
მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,
მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი”.

ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,
სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა;
შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა,
მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,
ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა;
ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:
“აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე,
ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე,
მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?”
გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!

ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი;
მითხრა: “ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი,
სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი;
სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი”.

მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;
ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა,
ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა;
თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა”.

„შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;
საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა,
ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა”.

გამარჯობა 👋

უკვე შეგიძლია შენი ელექტრონული ფოსტის მისამართი გაგვიზიარო და ჩვენ სიახლეებს გამოგიგზავნით ხოლმე