ბლოკი

მარკ ბლოკი


მარკ ბლოკი ფრანგიისტორიკოსი და „ანალების“ სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენელია. მას ეკუთვნის ერთ-ერთი აქტუალური ნაწარმოები, რომელსაც „ისტორიის აპოლოგია“ ჰქვია. ნაწარმოებში ბლოკი ძირითადად ილაშქრებს ტრადიციული ისტორიოგრაფიის წინააღმდეგ და გვაჩვენებს როგორ წინააღმდეგობაში მოდის იგი ისტორიოგრაფიის თანამედროვე გაგებასთან.

ყველაფრის უკეთ გასაგებად ჯერ მთავარია გავიგოთ რას ნიშნავს ისტორია და რა არის მისი დანიშნულება. ისტორია არის მეცნიერება რომელიც დიდი ხანია არსებობს და მისი შესწავლის საგანი ადამიანია დროში. ისტორიას სწორედაც, რომ ადამიანები ქმნიან და მისი დანიშნულებაც იმ ყოველივეს შესწავლაა, რასაც ადამიანის ხელი ატყვია.

მარკ ბლოკი შეუფარავად აკრიტიკებს ისტორიოგრაფიის ტრადიციულ გაგებას. მისი აზრით ისტორიას მთავარი, რაც უნდა აინტერესებდეს არის ადამიანი და მისი ყოფა განურჩევლად ასაკისა ან საზოგადოებრივი წონისა. ამავდროულად ისტორიის შესწავლის საგანი არ შეიძლება წარსული იყოს, ყოველივე წამი წარსულად იქცევა და ძნელია აწმყოსა და წარსულს შორის რაიმე შუალედის დაჭერა. ამიტომაც ისტორია შეისწავლის ადამიანს და მის გარშემო მომხდარ მოვლენებს! ტრადიციული ისტორია შეისწავლიდა საზოგადო მოღვაწეებს, მაგალითად მეფეებს ან დიდებულებს და დანარჩენს განიხილავდა როგორც მეორეხარისხოვანს, დიდებულებზე დამოკიდებულ მასად. მისმა ახლებურმა გაგებამ კი კვლევის ცენტრში თითოეული ადამიანი ჩააყენა განურჩევლად ყველაფრისა და ამით ისტორია გახდა მეტად ჰუმანური. ბლოკისეული ისტორიის გაგება ასევე არ მიესალმება ისტორიის დანაწევრებულად, ცალკე ერთეულებად კვლევას, რადგანაც მის ცენტრში ადამიანი დგას, ისტორია უნდა იკვლევდეს ადამიანის ყოფას. მისი დანაწევრება და ცალკე კვლევა შეუძლებელია ისევე როგორც ისტორიის.

ტრადიციული ისტორიოგრაფია ეყრდნობოდა წერილობით წყაროებს, მის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს არქივებში ქექვა და წერილობითი წყაროების ძიება წარმოადგენდა, რასაც კატეგორიულად ემიჯნება „ანალების“ სკოლა. მათი აზრით, წერილობით წყაროებზე არა ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო ლინგვისტური, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ყველა ის წყაროები, რომელსაც ადამიანის ხელი ატყვია. ანალებმა ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს წყაროების ავთენტურობისა და სისწორის დადგენას, რადგანაც ერთ უმნიშვნელო არასწორ დეტალს შეუძლია მთელი რიგი მოვლენების თავდაყირა დაყენება.

როგორც ზემოთ ვახსენეთ ტრადიციული ისტორია ძირითადად განიხილავდა გამორჩეულ ადამიანებს: მეფეებს, სასულიერო მოღვაწეებს და სხვა. როგორც წესი მათ პერიოდს მათთანვე დაახლოებული ადამიანები გადმოგვცემდნენ და გასაკვირიც არ იქნება თუ ვიტყვით იმას, რომ ისტორიის მიუკერძოებლობაზე საუბარი ზედმეტია. ისტორიის ახლებური გაგება კი სწორედაც მიუკერძოებლობაზე ამახვილებს დიდ ყურადღებას. რა თქმა უნდა ძნელია არ გახდე რაიმე აზრის მსხვერპლი, არ დაკარგო რაციონალურობა და „მოვლენები აღწეროს ისე, როგორც ეს იყო“(ბლოკი 2018, 159) მაგრამ სწორედ მაშინ იქნები ნამდვილი ისტორიკოსი. ბლოკის აზრით, ისტორიკოსი მიუკერძოებელი იქნება მაშინ თუ იგი არ იქნება რომელიმე პოლიტიკური აზრის გამტარებელი ან ისტორიის კვლევისას მოახერხებს და არ მისცემს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ აწმყოს დაბრკოლებებმა შეცვალოს მისი რაციონალურობა.

მარკ ბლოკი ამავდროულად აკრიტიკებს ისტორიის უსაფუძვლო პერიოდიზაციას. მისი აზრით, შეუძლებელია ყველაფრის გაუთვალისწინებლად რაღაც დროს ვუწოდოთ შუა საუკუნეები ან ადრეული ეპოქა. ამის ნაცვლად ქრონოლოგიის საფუძველი შეიძლება იყოს რაღაც მოვლენები, მისი მახასიათებლები ან მიღწევები. ბლოკს მოჰყავს გალიის დაპყრობის მაგალითი. კეისარმა გალია რვა წელიწადში დაიპყრო, მაგრამისტორიკოსისთვის ეს უბრალოდ 8 წელი კი არ წარმოადგენს დიდ მნიშვნელობას, არამედ ის თუ რა ხდებოდა ამ საუკუნეში, რა ვითარება იყო მისი დაპყრობისას ან რა შედეგები მოიტანა ამ ყოველივემ. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბლოკის აზრით, უბრალოდ წარსული არ შეიძლება იყოს მეცნიერების საგანი. კვლევის საგნად შეიძლება მივიჩნიოთ რაღაც კონკრეტული მოვლენა რომელიც ადამიანის გარშემო ხდებოდა.

როგორც ტრადიციული ისტორიის, ასევე ბლოკისეული ისტორიის გაგებაში დიდი როლი აკისრია ისტორიკოსს. მასზე და მის ობიექტურობაზეა დამოკიდებული თითქმის მთელი ისტორიის გაგება. ისტორიკოსმა ობიექტურობის დასადგენად უნდა შეძლოს და რაღაც მოვლენას შეხედოს არა აწმყოს, არამედ მომხდარის ეპოქის გადმოსახედიდან. თუ იგი რაღაც მოვლენას აღწერს აწმყოს გადმოსახედიდან მაშინ მისთვის ამ მოვლენის კრიტიკა ადვილი იქნება. თუ ისტორიკოსი იქნება კრიტიკულად განწყობილი და მიკერძოებული მაშინ მის მიერ შედგენილი წყარო სანდოდ ვერ მიიჩნევა. ბლოკი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ისტორიკოსთა კონტაქტს და შეთანხმებულობას, ეს შეიძლება იყოს წარსულის ისტორიკოსი თუ თანამედროვე, რადგანაც შეძლონ და შეათანხმონ ტერმინების გაგება. დროთა განმავლობაში სიტყვები და ტერმინები ხშირად იცვლიან მნიშვნელობას და მნიშვნელობაშეცვლილმა ტერმინმა შიძლება რაღაც წყაროს არასწორად ან საერთოდ ვერ გაგება გამოიწვიოს. ავტორი ასევე გვეუბნება იმასაც, რომ ხშირად ისტორიკოსს შესაძლოა ცრუ წყაროებთან ჰქონდეს კონტაქტი და ამ წყაროების ამოცნობა ძალიან საჭიროა. მაგრამ ბლოკი ამ ცრუ წყაროებსაც არ მიიჩნევს უსარგებლოდ. ტყულად არ

არსებობს გამონათქვამი, რომ ყოველ ტყუილში სიმართლის ერთი მარცვალი მაინც ურევია. თუ შევძლებთ და გავარკვევთ ვის დასჭირდა ან რაში დასჭირდა ცრუ წყაროების შექმნა, ამით დიდ სარგებელს მოვუტანთ ისტორიას.

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბლოკის მიერ ისტორიის ახლებურმა გაგებამ ისტორია გახადა უფრო ჰუმანური. აქამდე ჩვეულებრივი ადამიანი თუ ისტორიის უმნიშვნელო ნაწილი იყო ახლა ისტორია განიხილება უკვე ადამიანის გარშემო. ასევე ისტორიკოსს დაეკისრა უფრი დიდი მოვალობა ისტორიის სწორად და რაციონალურად გადმოცემისა.