ავთანდილი ხიდან ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, ზედ შეჯდა და გამოქვაბულისკენ წავიდა. კარები ღია დახვდა. ცრემლიანი ქალი გარეთ გამოვარდა, ეგონა, რომ უცხო მოყმე დაბრუნდა. როცა ავთანდილი ვერ იცნო, გაიქცა და ვიღაც ტარიელს დაუწყო საშველად ხმობა. ავთანდილმა ქალი კაკაბივით გააბა მახეში, დაიჭირა და სთხოვდა გაჩუმებას: ეტყოდა: „სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი. ეხვეწებოდა, მოეთხრო იმ მშვენიერი ჭაბუკის ამბავი, მაგრამ ქალმა მტკიცე უარი უთხრა. არანაირმა ხვეწნა-მუდარამ რომ არ გაჭრა, ავთანდილი მოკვლით დაემუქრა, თუმცა ქალმა უთხრა, რომ მისთვის სიკვდილი სატანჯველისგან დახსნა იყო მხოლოდ. არაბი მოყმე მიხვდა, რომ მუქარით ვერაფერს გახდებოდა, ქალი გაუშვა, თავად იქვე დაჯდა და ტირილი დაიწყო, შემდეგ მუხლმოყრილმა პატიება სთხოვა: „ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.“ თან უთხრა, რომ მიჯნური ყველამ უნდა შეიბრალოს.
როცა ქალმა გაიგო ავთანდილის მიჯნურობის შესახებ, გულამოსკვნით ატირდა. გონიერმა ჭაბუკმა ამით ისარგებლა და კიდევ უფრო შეაცოდა თავი, უთხრა, რომ მიჯნური მტერსაც კი ებრალება, ის კი სატრფომ გამოგზავნა უცხო მოყმის ამბის გასაგებად. უამრავი გასაჭირი გადაიტანა, ღრუბელიც ვერ მივიდოდა, ისეთ ადგილებში იარა, ძლივს იპოვა და ახლა ქალს ევედრებოდა: ან მომკალი, ან მაცოცხლეო.
ასმათს მშვენიერი შეყვარებული ჭაბუკის ცრემლებმა და სიტყვებმა გული მოულბო და დაჰპირდა, რომ თუ მის ნათქვამს შეასრულებდა, დაეხმარებოდა, უცხო მოყმეს გააცნობდა, თუ არა-და, ვერაფერს შეიტყობდა. ამის პასუხად ავთანდილმა მახვილგონივრული არაკი უამბო ჭაში ჩავარდნილი კაცის შესახებ. როცა ამხანაგმა ჭაში მყოფს ჩასძახა, „იყავ მანდა, მომიცადეო“, მას გაეცინა და უპასუხა: „არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?“ ასევე, ავთანდილის ბედიც ასმათის ხელში იყო და, რა თქმა უნდა, მოყმეც დაემორჩილა მას.
ასმათმა უთხრა, რომ უცხო მოყმეს ტარიელი ერქვა და თუ ის თავის ამბავს თავად არ უამბობდა, სხვა ამას ვერავინ შეძლებდა. ამ საუბარში იყვნენ, როცა გარედან წყლის შხაპუნის ხმა მოესმათ. ეტყობა, ტარიელი დაბრუნდა. ასმათმა ავთანდილი გამოქვაბულში დამალა, თავად კი მოყმეს გაეგება. მათ დიდხანს იტირეს. ბოლოს გაჩერდნენ, გამოქვაბულში შევიდნენ. ასმათმა ვეფხვის ტყავი დაუგო და უცხო მოყმე ზედ დაჯდა. ქალმა ცეცხლი დაანთო ხორცის შესაწვავად, თუმცა მტირალ მოყმეს ჭამის თავიც არ ჰქონდა. ის ცოტახნით მიწვა, დაიძინა, თუმცა ძილშიც შფოთავდა, ხმამაღლა ყვიროდა.
ასმათმა ჰკითხა, რატომ მოვიდა ასე სწრაფად. მან უპასუხა, რომ ვიღაც მეფე ნადირობდა, მას კი არ უნდოდა ადამიანებთან შეხვედრა და ამიტომაც დაბრუნდა. მაშინ ასმათმა ტირილით უთხრა, რომ ასე მარტოდმარტო ხეტიალით ვერაფერს არგებდა იმას, ვის გამოც იყო ველად გამოჭრილი. ასმათის აზრით, ტარიელს უნდა ენახა ამხანაგი, რომელთან ერთადაც დარდს შეიმსუბუქებდა. მოყმემ უპასუხა, რომ ასეთი ადამიანი ქვეყნად არ არსებობს და მის სატანჯველს მხოლოდ სიკვდილი თუ უშველიდა.
მაშინ ასმათმა ურჩია: „არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდიგხდია.“ აჯობებს, თუ ვინმე გეყოლება გვერდით, ვინც დაგეხმარება, მწუხარებას გაგინახევრებს. შემდეგ ქალმა პირობა ჩამოართვა, რომ თუ ასეთ კაცს მიუყვანდა, არ მოკლავდა. მოყმემაც თავისი სიყვარული დაიფიცა, რომ ასმათის მიერ მოყვანილ კაცს არაფერს დაუშავებდა, შეიყვარებდა და, რაც შეეძლო, ასიამოვნებდა.
–
- დასაწყისი – შინაარსი
- ამბავი როსტევან არაბთა მეფისა – შინაარსი
- როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა – შინაარსი
- ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა – შინაარსი
- თინათინისგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად – შინაარსი
- წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა – შინაარსი
- ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა – შინაარსი
- ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან – შინაარსი
- შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა – შინაარსი
- ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო – შინაარსი
- ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა – შინაარსი
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი – შინაარსი
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი – შინაარსი
- წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა – შინაარსი
- ნესტანისაგან ტარიელის ხმობა – შინაარსი

