ასმათი ადგა და წავიდა ავთანდილის მოსაყვანად. უთხრა, რომ ტარიელი დათანხმდა მის გაცნობას. არაბი მოყმე რომ დაინახა, ტარიელმა ის მზეს შეადარა. მათი შეხვედრაც ორი მზის ერთად შეყრას ჰგავდა: მათ აკოცეს ერთმანეთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს. რაინდები მომხიბლავად იღიმებოდნენ, ისინი გადაეხვივნენ ერთმანეთს. შემდეგ დასხდნენ და ატირდნენ. ასმათმა დაამშვიდა. ტარიელმა ჰკითხა ავთანდილს, თუ როგორ იპოვა სიკვდილისგანაც კი განწირული ადამიანი. ავთანდილმა მშვენიერი სიტყვებით უპასუხა, გაეცნო, უთხრა, რომ ის არაბი იყო, სიყვარულის ცეცხლით დამწვარი. მას თავისი პატრონის ქალიშვილი უყვარდა. შემდეგ ავთანდილმა გაახსენა, თუ როგორ ნახეს წყლის პირას მჯდომი უცხო მოყმე, როგორ მოინდომა როსტევან მეფემ მისი შეპყრობა, როგორ დაუხოცა მას ტარიელმა რჩეული მონები და თავად როგორ გაუჩინარდა.
ისიც უთხრა, რომ ავთანდილი მზის მსგავსმა თინათინმა გამოგზავნა უცხო მოყმის მოსაძებნად. სამი წლის ვადა მისცა დავალების შესასრულებლად. აქამდე ტარიელის მნახველიც კი არ შეხვედრია ავთანდილს. ბოლოს ხატაელი ძმები ნახა, რომლებმაც დაანახეს შავ ცხენზე ამხედრებული უცხო მოყმე.
ტარიელმაც გაიხსენა არაბეთის მეფის ლაშქართან შეხვედრის ამბავი. იმ დროს მას სატრფო გაახსენდა და მდინარის პირას ამიტომ ტიროდა გულმდუღრად. როცა მეომრებმა შეპყრობა დაუპირეს, მან ისინი დახოცა, ხოლო, როცა მეფე დაეწია, შეეცოდა, აღარ მოკლა და თავისი უსწრაფესი ცხენით გადაიკარგა: „ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე.“
შემდეგ ტარიელმა უთხრა ავთანდილს, რომ აშოლტილი, მზის მსგავსი ვაჟკაცის ნახვამ გაახარა. არაბმა მოყმემაც, თავის მხრივ, შეაქო ინდოელი ჭაბუკი და უთხრა, რომ ამის შემდეგ მას არც სამსახური ახსოვდა, აღარც სატრფო და მხოლოდ რჩეულთა შორის გამორჩეულ ტარიელთან ერთად ყოფნას ისურვებდა: „შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!“
ტარიელმა უპასუხა, რომ სჯეროდა მისი მხურვალე გულიდან ამოსული სიტყვების, ისიც იცოდა, რომ „მიჯნური მიჯნურსა შეებრალების“, თუმცა ავთანდილს სატრფოს ვერ დააშორებდა. თან დასძინა, თუ ის არაბ ჭაბუკს თავის ამბავს მოუყვებოდა, ტანჯვის ალი გაანადგურებდა. მაშინ ასმათმა ურჩია ტარიელს, რომ მოეთხრო თავისი თავგადასავალი, იქნებ, ავთანდილს ეპოვა მისი ჭრილობების მოსარჩენი წამალი. ბოლოს და ბოლოს, ტარიელი დათანხმდა, რადგან, ჯერ ერთი, ამით ხელს შეუწყობდა შეყვარებულების შეერთებას და, მეორე, თავისი ამბის ხელახლა გახსენება სულს ამოხდიდა და მისი ტანჯვაც დასრულდებოდა. ამასთან ერთად, ტარიელი არაბეთის სპასპეტს უკვე ძმადნაფიცად თვლიდა:
„ყმასა უთხრა: ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს.“
ტარიელმა ასმათს სთხოვა, მასთან ახლოს დამჯდარიყო და თუ გონებას დაკარგავდა, წყლით მოესულიერებინა; თუ მოკვდებოდა, სამარე გაეთხარა და ეგლოვა.
ტარიელმა საყელო გაიხსნა, სახე მოეღუშა, შემდეგ ამოიოხრა და ატირდა. ის მოთქვამდა, იხსენებდა თავის დაკარგულ სატრფოს, ვინც მისი იმედი, სიცოცხლე, გული და სული იყო; ვერ გაეგო, მისი დამკარგავი კიდევ როგორ ცოცხლობდა.
–
- დასაწყისი – შინაარსი
- ამბავი როსტევან არაბთა მეფისა – შინაარსი
- როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა – შინაარსი
- ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა – შინაარსი
- თინათინისგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად – შინაარსი
- წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა – შინაარსი
- ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა – შინაარსი
- ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან – შინაარსი
- შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა – შინაარსი
- ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო – შინაარსი
- ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა – შინაარსი
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი – შინაარსი
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი – შინაარსი
- წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა – შინაარსი
- ნესტანისაგან ტარიელის ხმობა – შინაარსი

