ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა – შინაარსი


ერთ დღეს ფარსადანი და ტარიელი ნადირობიდან დაბრუნდნენ. მეფემ მოინდომა თავისი ქალიშვილის ნახვა, თვითონ კოშკში შევიდა, ტარიელს კი სთხოვა, რომ ნანადირევი ფრინველი ნესტანის მსახურისთვის გადაეცა. ტარიელი უმშვენიერეს ბაღში შევიდა, ირგვლივ ფრინველთა საამო გალობა ისმოდა, მილებით ვარდის წყალი დიოდა, კარებზე უძვირფასესი ქსოვილის ფარდები იყო ჩამოფარებული. ამ დროს:

ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა;

ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.

ასე ერთი ნახვით შეუყვარდა ტარიელს ნესტანი. მის გახსენებაზე ის დაიბნიდა. ასმათმა წყალი დაასხა და ძლივს მოასულიერა უბედური მიჯნური. 

ტარიელმა მოღალატე წუთისოფლის სამდურავიც თქვა, რომელიც ადამიანს სიხარულს მოულოდნელი უბედურებით შეუცვლის ხოლმე. 

ტარიელმა განაგრძო თხრობა. მან დურაჯები კი გადასცა ასმათს, მაგრამ დიდ გრძნობას ვეღარ გაუძლო და დაიბნიდა. როცა გონს მოვიდა, უკვე სამეფო დარბაზში იწვა, ირგვლივ სახლეული შემოხვეოდა, მეფე-დედოფალი ტიროდა. როცა თვალახელილი დაინახა, ფარსადანი მოეხვია, თუმცა ტარიელმა ისევ დაკარგა გონი. თუკი სადმე ექიმი ან მოლა იყო, ყველა მოიყვანეს:

„სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან;

მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;

მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.“

ტარიელი სამი დღე იყო უგონოდ. ვერავინ მიხვდა მისი ავადმყოფობის მიზეზს. ბოლოს მან ღმერთს შესთხოვა, რომ მისთვის მოთმინების ძალა მიეცა, რათა სახლში წასულიყო და თავისი სენის ნამდვილი მიზეზი დაემალა. მართლაც, მან დასძლია თავს, წამოჯდა. ამ ამბის გაგებით გახარებული მეფე „მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა.“ ტარიელმა ფარსადანს უთხრა, რომ ცხენზე შეჯდომა და მინდვრებში გასვლა სურდა. მოუყვანეს ცხენი. სახლში მისულმა მოყმემ სთხოვა მეფეს, რომ სასახლეში დაბრუნებულიყო. ისიც დათანხმდა. 

სახლში ტარიელი კიდევ უფრო ცუდად გახდა:

„ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან,

გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან.“

საწოლის მეკარე შემოვიდა და მოლარე გაიყვანა. მან ტარიელს ასმათის გამოგზავნილი სამიჯნურო წერილი გადასცა. მას გაუკვირდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ შეხვედროდა ბარათის ავტორს. სხვაგვარად ლანძღვას დაუწყებდნენ, ამიტომ მონას საპასუხო წერილი გაატანა. 

ტარიელი ვეღარც სანადიროდ მიდიოდა და ვეღარც ჯარის წვრთნებს ესწრებოდა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს, მაშინ მეფემ ბრძანა, რომ ამირბარისთვის სისხლი გამოეშვათ. ასეც მოიქცნენ. 

სევდიანი ტარიელი იწვა, როცა ასმათის მონა მოვიდა და წერილი გადასცა. ეტყობოდა, ასმათი მასთან შეხვედრას ჩქარობდა. ტარიელმაც გული გაიმაგრა და წამოდგა. სასახლეში მივიდა. მეფემ სანადიროდ წაიყვანა, თუმცა იარაღი არ აასხა. შემდეგ სანადიმოდ დასხდნენ. მომღერლები მღეროდნენ, ფარსადანმა უხვად გასცა საჩუქრები. 

შემდეგ ტარიელმა თანატოლები წაიყვანა სახლში სანადიმოდ. მოლარემ უჩურჩულა, რომ ვიღაც სახედაბურული ქალი კითხულობდა. ამირბარმა სთხოვა, მის საწოლ ოთახში შეეყვანა ქალი. თავად მოუბოდიშა თანამეინახეთ, სთხოვა, გაეგრძელებინათ ქეიფი. 

როცა ოთახში შევიდა, ქალი მიეგება და თაყვანი სცა. ამან ტარიელი გააკვირვა, იფიქრა, ეტყობა, არშიყობა არ იცისო. ის ტახტზე დაჯდა და ქალიც მოიხმო, თუმცა ის მოშორებით დაჯდა. შემდეგ უთხრა, რომ ძალიან რცხვენოდა ამირბარისა, მაგრამ ის თავისი პატრონის ბრძანებას ასრულებდა. ასმათმა ტარიელს ნესტანის გამოგზავნილი წერილი გადასცა. 


გამარჯობა 👋


ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით თქვენთვის საინტერესო კონტენტს, დაეხმარე stsoria.ge-ს ქისას მეშვეობით 💸

👉 დონაცია 👈 

This will close in 22 seconds