თინათინისგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად – შინაარსი


პერანგისამარა ავთანდილი მარტოდმარტო იჯდა საწოლ ოთახში, წინ ჩანგი ედგა და მღეროდა. ამ დროს მასთან შემოვიდა შავკანიანი მონა და უთხრა, რომ თინათინი თავისთან იბარებდა. გახარებული ავთანდილი სასწრაფოდ შეიმოსა და გაემართა მასთან შესახვედრად. თინათინი მომხიბლავად გამოიყურებოდა, თუმცა მოწყენილი იყო. მან ავთანდილი შორიახლოს დასვა და საუბარი დაუწყო. გაახსენა ნადირობისას უცხო მოყმის ნახვის ამბავი და სთხოვა იმ მოყმის მოძებნა. ამასთან ერთად უთხრა: შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია.

თინათინის აზრით, ავთანდილს მისთვის სამსახურის გაწევა ორმაგად ევალებოდა: პირველ ყოვლისა, ის არაბეთის მეფის საუკეთესო ყმა იყო და მეორე, ის თინათინის მიჯნური იყო. ის თვლიდა, რომ უცხო მოყმის მოძებნით ავთანდილი დაამტკიცებდა მისდამი სიყვარულს. ამ დავალების შესასრულებლად მან სატრფოს სამი წლის ვადა მისცა, თან დაიფიცა, რომ ამ ხნის მანძილზე მისი ერთგული იქნებოდა, სხვას ცოლად არ გაჰყვებოდა.

ავთანდილს გულისწადილი აუსრულდა. რა თქმა უნდა, დაპირდა, რომ დაუყონებლივ წავიდოდა უცხო მოყმის მოსაძებნად, თან დაამატა: „სიცოცხლისა უკეთესი რამც მიბოძე, რამც ვივალე?!“

მიჯნურები ერთად დასხდნენ, მხიარულობდნენ, თავისუფლად საუბრობდნენ, იღიმებოდნენ, ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებოდნენ.

ავთანდილი წავიდა სახლში, თუმცა თინათინთან განშორება გულს უკლავდა, მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევდა.

როგორც კი გათენდა, ავთანდილი გამოეწყო, ცხენზე შეჯდა და სასახლეში წავიდა. სასახლის მსახურის პირით მან როსტევან მეფეს შეუთვალა, რომ ის აპირებდა არაბეთის ახალი მბრძანებლის – თინათინის – სახელით მოსაზღვრე ქვეყნების დალაშქვრას. როსტევანმა განზრახვა მოუწონა არაბეთის სპასპეტს. მან თქვა, რომ ეს ავთანდილის კეთილშობილებისა და ვაჟკაცობის შესაფერისი განზრახვა იყო, თუმცა მასთან განშორება ადარდებდა. მეფემ შვილივით გადაკოცნა რაინდი: „სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!“

ავთანდილი ოცი დღის სიარულის შემდეგ მივიდა თავის სამფლობელოში. მას ზედ საზღვართან ჰქონდა გამაგრებული ქალაქი, რომელსაც ბუნებრივ გალავნად კლდეები ერტყმოდა. ის შიშის ზარს სცემდა მტრებს. სპასპეტი სამი დღე დარჩა თავის ქალაქში, რითაც თავისი ქვეშევრდომები ძალიან გაახარა.

ავთანდილმა თავის უერთგულეს მეგობარსა და ყმას, შერმადინს გაუმხილა თავისი მიჯნურობის ამბავი. მან უთხრა, რომ სწორედ სატრფოს დავალებით მიდიოდა უცხო მოყმის მოსაძებნად, ამასთან ერთად: 

„ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად…

ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად“.

ავთანდილმა სთხოვა შერმადინს, რომ მისი არყოფნის პერიოდში მისი სამფლობელოსთვის ეპატრონა. მან ჩამოუთვალა ის მოვალეობები, რომლებიც უნდა შეესრულებინა: ჯარისთვის ესარდლა, როსტევან მეფისთვის საჩუქრები მიერთმია, წერილები მიეწერა, მოკლედ, არაბეთის სამეფო კარზე არ უნდა ეგრძნოთ, რომ ავთანდილი იქ არ იმყოფებოდა. თუკი სამი წლის შემდეგ არ დაბრუნდებოდა, შერმადინს მეფისთვის უნდა ეცნობებინა სპასპეტის დაღუპვის ამბავი და ეგლოვა მოყმე.

შერმადინი შეაშფოთა ავთანდილის თხოვნამ. მან შესთავაზა, რომ ისიც თან გაჰყვებოდა, თუმცა არაბი სპასპეტი თვლიდა, რომ მიჯნური ველად მარტო უნდა დახეტიალობდეს, ამასთან ერთად, 

„მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.

კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.“

ავთანდილის აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, ერთი კაცი იქნება, თუ – ასი, ხიფათი, უბედური შემთხვევა თანაბრად მოკლავს მათ. მარტოობა ვერაფერს დააკლებს ადამიანს, თუ მას ღმერთი იცავს. 

შემდეგ ავთანდილმა კიდევ ერთხელ სთხოვა შერმადინს, რომ ეპატრონა მისი სამშობლოსთვის, საზღვრები გაემაგრებინა, რათა მტერი ახლოს ვერ დაბანაკებულიყო. მან დაწერა წერილი, რომლითაც თავის ყმებს სთხოვდა, რომ ისე დამორჩილებოდნენ შერმადინს, როგორც მას ემორჩილებოდნენ.


გამარჯობა 👋


ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით თქვენთვის საინტერესო კონტენტს, დაეხმარე stsoria.ge-ს ქისას მეშვეობით 💸

👉 დონაცია 👈 

This will close in 30 seconds