თავის მოლაშქრეებთან განშორებულმა ავთანდილმა მინდორი ჭენებით გადაიარა. მალე გასცდა არაბეთის საზღვრებს. ჭაბუკს გულს უკლავდა სამშობლოსა და სატრფოსთან განშორება. მისი ვარდივით სახე თანდათან ფერს კარგავდა: ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა. მაგრამ ავთანდილმა იცოდა, რომ ვაჟკაცი გასაჭირს არ უნდა შეუშინდეს, მან „გულსა უთხრის, თუ „დათმეო“, ამად არ დია ბნდებოდა.“
არაბი სპასპეტი სრულიად უცნობ ადგილებში დადიოდა, ეძებდა უცხო მოყმის კვალს, შემხვედრთ ეკითხებოდა მის შესახებ: „მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.“ ავთანდილი სრულიად დაუსახლებელ ადგილებში მოხვდა, მიწაზე ეძინა. მან მოიარა მთელი ქვეყანა, არაფერი დარჩა უნახავი, თუმცა უცხო მოყმის ამბისა ვერაფერი გაიგო. ასე გავიდა სამი წელი. დათქმულ ვადამდე – სამშობლოში დაბრუნებამდე – დარჩა სამი თვე.
სწორედ ამ დროს ავთანდილი მოხვდა ერთ უკაცრიელ ადგილას. მთელი თვე ადამიანი არ შეხვედრია. მაღალი მთის წვერიდან გადაიხედა და დაინახა შვიდი დღის სავალი მინდორი. მთის ძირას პატარა მდინარე ჩამოდიოდა, რომლის ნაპირებზე ხშირი ტყეები იყო.
ავთანდილს ორი თვეღა დარჩა. ის საგონებელს მიეცა; ვერ გადაეწყვიტა, რა გზას დადგომოდა: რომ დაბრუნებულიყო, შერცხვებოდა თინათინის წინაშე – მან ხომ დავალება ვერ შეასრულა, ვერაფერი შეიტყო უცხო მოყმის შესახებ; რომ არ დაბრუნებულიყო, შერმადინი, მისი ბრძანებისამებრ, როსტევან მეფეს ავთანდილის დაღუპვის ამბავს შეატყობინებდა, ისინი გლოვას დაიწყებდნენ. შემდეგ როგორღა მივიდოდა სასახლეში საღ-სალამათი სპასპეტი?
ბევრი ფიქრის შემდეგ ავთანდილმა გადაწყვიტა, რომ განგების ნებას ვერ შეცვლიდა: „ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.“ ის ღვთის განაჩენს მიენდო, რადგან, მისი რწმენით:
„უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.“
ამ ფიქრებში მყოფი ავთანდილი მთიდან ჩამოვიდა, მოწყენილს მინდორზე ნელა მიჰყავდა ცხენი. მთელი თვის განმავლობაში ადამიანი არ ენახა. მას მოშივდა, ისრით ნადირი მოკლა და იქვე, ბუჩქნართან ცეცხლი დაანთო. ამ დროს დაინახა მისკენ მომავალი ექვსი ცხენოსანი. ეგონა, რომ ისინი ყაჩაღები იყვნენ, ამ უკაცრიელ ადგილას სხვა ვინ მოვიდოდა. ავთანდილი მათკენ გაემართა; დაინახა, რომ ორ წვეროსანს ერთი თავში დაჭრილი, ცოცხალმკვდარი, უწვერული ყმა მოჰყავდა.
ავთანდილმა მათ ვინაობა ჰკითხა, უცნობებმა კი მას დახმარება სთხოვეს, თან თავიანთი გასაჭირის შესახებ უამბეს. ისინი იყვნენ სამი ძმა ხატაეთიდან. გაიგეს, რომ ამ მიდამოებში კარგი სანადირო ადგილები იყო და წამოვიდნენ. სამივე ძმამ ყველას აჯობა მშვილდოსნობაში, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ და გაერკვიათ, ვინ იყო საუკეთესო. ნანადირევით დატვირთული ლაშქარი სახლში გაგზავნეს, თავად კი, სამ საჭურველმტვირთველთან ერთად, სანადიროდ დარჩნენ. ბევრი ნადირი და ფრინველი დახოცეს. უცბად დაინახეს შავ ცხენზე ამხედრებული, ვეფხვის ტყავით შემოსილი, გასაოცარი მშვენების მოყმე. მოინდომეს მისი შეპყრობა. უფროს ძმას თავად ტყვე უნდოდა, საშუალოს – მისი ცხენი, ხოლო უმცროსს – მოყმის დაჭერა. ამაზე შეთანხმდნენ და უმცროსმა ძმამ მოყმის შეპყრობა გადაწყვიტა: ხელი მოკიდა, შეჩერდიო – უბრძანა, თუმცა უცხო მოყმემ ხმალიც არ ამოიღო, მათრახით თავი გადაუპო, თავად კი ისევ აუჩქარებლად განაგრძო გზა. ხატაელმა ძმებმა ავთანდილს უჩვენეს შორს მიმავალი მოყმე.
ავთანდილს სურვილი შეუსრულდა, როგორც იქნა, მიაგნო უცხო მოყმის კვალს. გახარებულმა დაივიწყა ყველა გასაჭირი, რაც აქამდე ენახა, რადგან:
„კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, მისი პოვნა,
მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.“
ავთანდილმა აუხსნა ხატაელებს, რომ სწორედ იმ უცხო მოყმის საძებნელად იყო წამოსული, თავის კოცონთან მიიწვია დასასვენებლად, დალოცა, თავად კი მიმინოსავით გაფრინდა, უცნობს დაედევნა. გზადაგზა ფიქრობდა, როგორ შეხვედროდა უცხო მოყმეს, რომელიც ადამიანებს არ ეკარებოდა, აშკარად უგონოდ იყო. პირდაპირ რომ მისულიყო მასთან, ან ის მოკლავდა ავთანდილს, ან – პირიქით და ამდენი გარჯა ტყუილად ჩაუვლიდა:
„საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!
ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
არ-სიწყნარე გონებისა მოიძულვოს, მოიძაგოს.“
როცა ყველაფერი ეს კარგად აწონ-დაწონა, ავთანდილმა გადაწყვიტა, მალულად მიჰყოლოდა უკან შავ ცხენზე ამხედრებულ მოყმეს, ენახა, სად ჰქონდა ბინა და შემდეგ ვითარების შესაბამისად ემოქმედა. ორი დღე-ღამე უსმელ-უჭმელებმა გაუჩერებლად იარეს. საღამოხანს გამოჩნდა დიდი კლდეები და გამოქვაბული, რომლის ძირას წყალი ჩამოდიოდა. წყლის პირას ხშირი ბუჩქნარი და მაღალი ხეები იყო. უცხო მოყმემ წყალი, კლდეები გადაიარა და გამოქვაბულისკენ წავიდა, ავთანდილმა კი ცხენი ერთ დიდ ხეზე მიაბა, თავად ხეზე ავიდა და იქიდან უთვალთვალებდა.
არაბმა მოყმემ დაინახა, რომ გამოქვაბულიდან შავად შემოსილი ქალი გამოვიდა, უცხო მოყმე ცხენიდან ჩამოხტა, ქალს მოეხვია და ორივენი ხმამაღლა ატირდნენ. ბოლოს გაჩუმდნენ, ქალმა ცხენს აკაზმულობა მოხსნა და გამოქვაბულში შეიყვანა. იქ შევიდა უცხო მოყმეც. იმ დღეს გარეთ აღარ გამოსულან.
მეორე დილით ქალმა გამოიყვანა შავი ცხენი, თავსაბურავის წვერით წმენდდა, შეკაზმა, გამოიტანა მოყმის აბჯარიც. ქალი და ყმა ისევ გადაეხვივნენ ერთმანეთს და ატირდნენ. დამწუხრებული ასმათი გამოქვაბულის კარებთან დარჩა, ხოლო ავთანდილმა ახლოდან დაინახა მზის მსგავსი ლომივით ძლიერი ჭაბუკი. ის იმავე გზით წავიდა, რომლითაც გუშინ დაბრუნდა.
ავთანდილმა ღმერთს მადლობა შესწირა, რომ ასე კარგად მოუგვარა საქმე. გადაწყვიტა ქალის შეპყრობა, რათა მას უცხო მოყმის ამბავი მოეთხრო მისთვის.
–
- დასაწყისი – შინაარსი
- ამბავი როსტევან არაბთა მეფისა – შინაარსი
- როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა – შინაარსი
- ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა – შინაარსი
- თინათინისგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად – შინაარსი
- წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა – შინაარსი
- ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა – შინაარსი
- ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან – შინაარსი
- შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა – შინაარსი
- ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო – შინაარსი
- ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა – შინაარსი
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი – შინაარსი
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი – შინაარსი
- წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა – შინაარსი
- ნესტანისაგან ტარიელის ხმობა – შინაარსი

